საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირი იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირი ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში 1961 წლიდან ფუნქციონირებს; საწყისი კი 1879 წლიდან მოდის, როდესაც ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ჯგუფმა დიდი ბრძოლის შემდეგ მიიღო უფლება მეფის ნაცვლისაგან დაარსებულიყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ სწორედ ამ საზოგადოების სამართალმემკვიდრედ ითვლება იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირი, რომელიც 1961 წელს, 14 ივლისს, საქართველოს მინისტრთა საბჭოს N429 დადგენილების შესაბამისად ჯერ პედაგოგიურ საზოგადოებად, ხოლო 1997 წლიდან პედაგოგთა კავშირად ჩამოყალიბდა. პედაგოგთა კავშირმა ქართულ ეროვნულ ცნობიერებაზე დაფუძნებული ყველა იდეა და იდეის მატარებელი მეცნიერი შეაკავშირა. მისმა გამგეობამ, რომელშიც სხვადასხვა დროს შედიოდნენ: აკადემიკოსი დავით ლორთქიფანიძე, პროფესორები გიორგი ჯიბლაძე, ოთარ ქინქლაძე, კარლო მაჭარაშვილი, მამია დარჩია, ოლეგ ალავიძე, ზურაბ ცუცქირიძე, თამარ ლაშქარაშვილი, გრიგოლ საჯაია, პეტრე მამრაძე, აზა ბუაძე-მრავალი სასიკეთო საქმე აკეთეს დიდი იაკობის სახელის მატარებელი ორგანიზაციის ეგიდით. დღეს კი , პედაგოგთა კავშირის გამგეობა, აკადემიკოსი გარი ჩაფიძის ხელმძღვანელობით კვლავ რუდუნებით განაგრძობს დიდი იაკობის მემკვიდრეობის პროპაგანდას განათლების სისტემაში მიმდინარე თანამედროვე რეფორმების გათვალისწინებით. ქალაქებსა და რაიონებში ფუნქციონირებს ადგილობრივი ორგანიზაციები. რესპუბლიკის პედაგოგები და მოსწავლე-ახალგაზრდობა ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას ჩვენს მიერ გამოცხადებულ სხვადასხვა კონკურსებში, რომელთა შეჯამება ერთგვარი ზეიმიცაა, რადგან გამარჯვებულებს საპატიო სიგელებსა და სიგელთან ერთად ქართული პედაგოგისათვის, უპირველესი განძი იაკობ გოგებაშვილის საიუბილეო მედლალიც გადაეცემა; გარდა საიუბილეო მედლისა ჩვენს კავშირს კიდევ სამი უმშვიენერესი ჯილდო აქვს პედაგოგისათვის-იაკობ გოგებაშვილის მედალი „პედაგოგიურ დარგში განსაკუთრებული დამსახურებისათვის“, იაკობ გოგებაშვილის პრემიის „ლაურეატის“ ოქროს მედალი და „პედაგოგიური ღირსების მედალი“. განათლების დარგის ახალი რეფორმა ჩვენს მუშაობაზეც აისახა. ბოლო წლების საქმიანობის პრიორიტეტად გასვლითი სემინარების, ტრენინგების ჩატარება იქცა, კავშირი დავამყარეთ საზღვარგარეთ მოქმედ საკვირაო სკოლებთან; მათივე ინიციატივით ვესტუმრეთ ქალაქ ათენის(საბერძნეთი), ქალაქ ჩერნიგოვის, ჟიტომირის(უკრაინა) საკვირაო სკოლებს. მიწვევა გვაქვს ქალაქ ფლორენციის(იტალია) საკვირაო სკოლაში. დაარსდა „ ლიდერთა სკოლა“, რომლის მიზანია ნიჭიერი ახალგაზრდების ლიდერებად ჩამოყალიბება და საზოგადოებაში ჩაბმა. ჩვენი მუშაობის სტილმა და იმ ფაქტმა, რომ მუდამ განათლების სამინისტროს ინტერესებს ვიზიარებთ ერთ მთლიან გუნდად შეგვაკავშრა და კვლავაც ვაპირებთ განათლების სისტემაში არსებული წარმატებები ფართოდ გავაშუქოთ ჩვენს ვებ.გვერდსა და ახლად აღდგენილ ჟურნალ „სკოლა და ცხოვრების“ ფურცლებზე, რისთვისაც გათვალისწინებულია მჭიდრო კავშირის დამყარება ჩვენი ქვეყნის საჯარო, კერძო სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებთან. |